მე და ღამე
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
1913 წელი
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,
მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
1915 წელი
ლურჯა ცხენები
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
1915 წელი
wikipedia.org